Search

ინტერვიუ კიბეროლიმპიადა „Cyber Cube 2020“ მონაწილესთან მარიამ დემურაშვილთან

Updated: Jun 11, 2020

წელს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE) ორგანიზებით, ჩატარდა რიგით მეხუთე ყოველწლიური ეროვნულ კიბეროლიმპიადა „კიბერ კუბი 2020“, რომელშიც 100-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. მარიამ, პირველ რიგში გილოცავთ კიბეროლიმპიადა „Cyber Cube 2020“ წარმატებით მონაწილეობას და საპატიო მე-5 ადგილის დაკავებას. დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგ წელს უფრო კარგ შედეგებს მიიღებ, ამიტომ დიდი წარტამებებს გისურვებთ!


მარიამ, რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა მიიღო კიბერ ოლიმპიადა 2020-ში?

ეროვნული კიბერ ოლიმპიადა არის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელის სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE) ორგანიზებით ტარდება. კიბეროლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ შემეძლო საკუთარი ცოდნა პრაქტიკული დავალებების ამოხსნით გამომეცადა. CyberCube-ში მონაწილეობა კარგი საშუალებაა ცოდნის გამტკიცებისთვის, და ასევე, ახალი ცოდნის და გამოცდილების მისაღებად.


სულ რამდენი მონაწილე იღებდა მონაწილეობას და მათ შორის სულ რამდენი იყავით გოგოები?

წლევანდელ კიბეროლიმპიადაში 100-ზე მეტი მონაწილე იყო დარეგისტრირებული. სამწუხაროდ, მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 10%-ს შეადგენდა გოგონები, რაც უმნიშვნელოდ აღემატება შარშანდელ რაოდენობას. პირველ 20 მონაწილეს შორის 3 გოგო ვიყავით (იმედია არ ვცდები, მონაწილეების სრული იდენტიფიცირება არ შეგვეძლო, რადგან ლიდერბორდზე მხოლოდ მეტსახელი ჩანდა).


გაგვიზიარე შენი აზრი, რა იყო ყველაზე რთული შენთვის კიბეროლიმპიადის მიმდინარეობისას?

კიბეროლიმპიადის თითოეული სავარჯიშო, ვფიქრობ, რომ დაძლევადი იყო, უბრალოდ დროის ფაქტორი, ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ოლიმპიადის მიმდინარეობისას. გასულ წლებში ჩატარებულ კიბერ ოლიმპიადებთან შედარებით, წლევანდელ CyberCube-ში მონაწილეობას ვიღებდით არა გუნდურად, არამედ ინდივიდუალურად. ესეც ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან გუნდი ყოველთვის განსხვავებული მიდგომით უმკლავდება ამოცანებს. ამოცანების უმეტესობა საშუალო სირთულის იყო, თუმცა რამდენიმე ისეთი ამოცანაც იყო, მონაწილეების უმრავლესობას რომ გაუჭირდა. პენტესტინგი და რევერსიული ინჟინერია იყო ის ტოპიკები, რომლებიც უფრო მეტად გაუჭირდათ მონაწილეებს. ტექნიკური თვალსაზრისით, პირადად ჩემთან შეფერხებები მინიმალური იყო, ხოლო რაც იყო, მალევე სწორდებოდა.


რა გამოცდილება მიიღე მონაწილეობის შედეგად?

კიბეროლიმპიადაში მონაწილეობით ყოველთვის ვსწავლობ რაღაც ახალს. სხვადასხვა ადამიანები ერთი და იგივე ამოცანას განსხვავებულად ხსნიან. ცოდნის გაზიარება კიბერკუბში მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილებაა. საინტერესო ამოცანები ოლიმპიადის მიმდინარეობას სახალისოს ხდის, თითქოს დაღლაც გავიწყდება იმის მიუხედავად, რომ დაახლოებით 6-7 საათი დაძაბული ვცდილობთ ამოცანების ამოხსნას. ოლიმპიადის დასრულებისას, ყოველთვის ვინტერესდები კონკრეტული დავალებები როგორ შეიძლებოდა ამომეხსნა და სხვისი გამოცდილებით კიდევ უფრო მეტს ვსწავლობ, ვიგებ განსხვავებულ მიგომებს, ახალ ხელსაწყოებს ან გზებს, თუ როგორ უნდა ამოვხსნა კონკრეტული ამოცანა. ეს ყველაფერი მეხმარება გავიღრმავო ცოდნა და იმაზე უკეთესი ვიყო, ვიდრე აქამდე ვიყავი. წლევანდელი კიბეროლიმპიადა ჩემთვის გამორჩეული იყო, რადგან მე-5 ადგილით ერთი წლის შრომა დამიფასდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვცდილობდი უნარჩვევები ამემაღლებინა და ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი იმისთვის, რომ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნა დამეგროვებინა. შარშან პირველად გავედი კიბერ ოლიმპიადაზე, ვიტყვი, რომ ზედმეტად ახალბედა ვიყავი ამ სფეროში. გაგეცინებათ, 22-ე ადგილზე გავედი და არ მრცხვენია ამ შედეგის, პირიქით, ყველგან თამამად ვამბობ. ვფიქრობ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საიდან დავიწყეთ და ახლა სად ვართ. ერთი წლის შემდეგ საკუთარ თავს ვაჯობე და მეხუთე ადგილზე გავედი. არც ეს არის დასასრული, ვფიქრობ, რომ მთავარია დასახული მიზნისთვის ბევრი იშრომო, იმუშავო საკუთარ პროგრესზე და შედეგიც არ დააყოვნებს.


რა ტიპის სავარჯიშებთან მოგიწია მუშაობა?

კიბეროლიმპიადის ამოცანები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა შეღწევადობის ტესტირება, რევერსიული ინჟინერია, კრიპტო/სტეგანოგრაფია, ქსელური ნაკადის ანალიზი, ლოგ ფაილის ანალიზი და ასევე, იყო შერეული ტიპის კითხვები სხვადასხვა თემიდან, რომლებიც ოლიმპიადის მსვლელობისას ემატებოდა. თითოეული ამოცანა განსხვავებული სირთულის იყო და ყველას თავისი ქულა ჰქონდა მინიჭებული.


რას ურჩევდი გოგოებს, ვინსაც აინტერესებს კიბერუსაფრთხოების სფერო და ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს?

კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ გოგონებს ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ დრო განვითარებისთვის. ინტერნეტში უამრავი რესურსია სასწავლო ლიტერატურის ან ონლაინ კურსების (Udemy, Coursera, Pluralsight, edX..) სახით, რომლის გამოყენებაც აუცილებლად მისცემს მათ მინიმუმ საბაზისო ცოდნას, დამოკიდებულია კურსის სირთულეზე. პანდემიის სრულად დასრულებამდე ვურჩევ, რომ დაესწრონ მაქსიმალურად ბევრ ონლაინ კონფერენციას, თემატურ ლაივებს და ვებინარებს. პანდემიის შემდგომ კი დაესწრონ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ღონისძიებებს, ჰაკათონებს და ე.წ. meetup-ებს, რაც დაეხმარებათ ცოდნასთან ერთად შეიძინონ იმავე სფეროთი დაინტერესებული თანატოლები და კონტაქტები, ასევე, გაიცნონ მომავალი დამსაქმებლები. გარკვეულ ცოდნას რომ დააგროვებენ, ვურჩევდი, რომ დაინტერესდნენ სტაჟირებით, ქართულ ბაზარზე არსებული უამრავი კომპანია მზადაა ასწავლოს და შემდგომში დაასაქმოს კარიერაზე ფოკუსირებული, მოტივირებული ადამიანები. სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ მეც დამიკავშირდნენ, მაქსიმალურად ვეცდები დავაკვალიანო და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო.


მარიამ, დიდი მადლობა შენი გამოცდილების გაზიარებისთვის და ენთუზიაზმისთვის ამ სფეროს მიმართ. ასეთი მიდგომა დიდ მოტივაციას აძლევს სხვებს დაინტერესტდნენ კიბერუსაფრთხოების სფეროთი და დაიწყონ კარიერა. წარმატებებს გისურვებთ და კიდევ უამრავ გამარჯვებას!

114 views0 comments